„ევროპული საქართველოს“ წევრებმა თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას  პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს. შესაბამისი განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

აბესაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გიორგი გახარიამ პირველ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ დადგენილი და დაკავებული იყო ყველა ფიგურა და აღარ მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები. როგორც აბესაძემ აღნიშნა, მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა საგამოძიებო მოქმედებების აბსოლუტური უმრავლესობა არ იყო ჩატარებული, არ იყო ყველა პირი დაკითხული და არც სატელეფონო ჩანაწერები ყოფილა ამოღებული.

„აქედან გამომდინარე, დღემდე გაუგებარი დარჩა, რა კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იჩქარა მინისტრმა, რომელიც არის ხელმძღვანელი იმ უწყების, რომელიც იძიებდა აღნიშნულ საქმეს და განაცხადა, რომ უკვე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებული იყო. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის განცხადება მინისტრისგან ზემოქმედებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებზეც და მის უშუალოდ ქვემდებარე გამომძიებლებზეც, რომლებმაც რა თქმა უნდა, ეს ერთგვარ მითითებად აღიქვეს, რომ არანაირი დამატებითი ვერსია და ახალი ფიგურები საქმეში არ გამოკვეთილიყო“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს გამომძიებლებს აღარ ჩაუტარებიათ სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რათა მკვლელობის ახალი ვერსიები შემოწმებულიყო.

აბესაძის თქმით, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, თეა წულუკიანმა გააკეთა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასწორი იყო. როგორც აბესაძემ აღნიშნა, წულუკიანი შოთაძის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესში სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, ასეთი პოლიტიკური შეფასებების მოსმენა მინისტრისგან არის პირდაპირ ხელის დაფარება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც იყო ჩადენილი გამოძიების პროცესში.

„კომისიაში ახსნა-განმარტების მიცემის დასრულების შემდეგ, თეა წულუკიანმა საჯაროდ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში ვერ გაუშვებს, ის ან არ ისმენდა ჩვენი კომისიის სხდომებს და უბრალოდ პოლიტიკურად არასწორი განცხადება გააკეთა, ან ისმენდა და შეგნებულად გააკეთა მითითება იმაზე, რომ დასაბუთებული რეკომენდაციის არსებობის მიუხედავად, არასრულწლოვნებს ვერ დაიჭერენ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებები იმ ფონზე, როდესაც გამოძიება სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობდა, უნდა გახდეს მინისტრის, ამ შემთხვევაში, თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხიმგებლობის დაყენების საფუძველი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.