საგამოძიებო ცენტრი „დოსიე“ - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ანატოლი ჩეპიგა ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა
სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რუსლან ბოშიროვი, 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა. ინფორმაციას მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული საგამოძიებო ცენტრი „დოსიე“ ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობისთვის ანატოლი ჩეპიგამ რუსეთის გმირის წოდება მიიღო. მასთან ერთად, ჯილდო მიიღეს რუსეთის პრეზიდენტის დაცვის ყოფილმა წევრმა ალექსეი დიუმინმა, რომელიც შემდგომ ტულის ოლქის გუბერნატორი გახდა, ასევე რამდენიმე პირმა, რომლებიც მოგვიანებით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლები გახდნენ.
თავის მხრივ, გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ სპეცრაზმში ჩეპიგას ყოფილ თანამებრძოლზე დაყრდნობით წერს, რომ მან რუსეთის გმირის წოდება ყირიმის დაპყრობაში მონაწილეობისათვის მიიღო. ამასთან, მედიასაშუალება არ აკონკრეტებს, თუ რით იყო დაკავებული ჩეპიგა ყირიმში.
რუსლან ბოშიროვს, ალექსანდრ პეტროვთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ადანაშაულებს. რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი რუსულმა გამოცემა The Insider-მა და საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat-მა გაასაჯაროეს. Bellingcat-ის ცნობით, ანატოლი ჩეპიგა რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკია.