სკრიპალებზე თავდასხმისა და 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის მოწამვლის მცდელობას შორის შესაძლო კავშირის გამოძიება მიმდინარეობს
სკრიპალებზე თავდასხმისა და 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის მოწამვლის მცდელობას შორის შესაძლო კავშირის გამოძიება მიმდინარეობს

დიდი ბრიტანეთი და ბულგარეთი სკრიპალებზე თავდასხმისა და 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის მოწამვლის მცდელობას შორის შესაძლო კავშირს იძიებენ. ამის შესახებ სოფიაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა ემა ჰიპკინსმა განაცხადა. მისი თქმით, ლონდონმა და სოფიამ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს.

მანამდე საგამოძიებო ჯგფმა „ბელინგკატმა“ გაავრცელა ინფორმაცია სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილის არსებობის შესახებ. არსებული ცნობებით, მამაკაცი დიდ ბრიტანეთში სერგეი ფედოტოვის სახელით ჩავიდა. „ბელინგკატი“ მიიჩნევს, რომ ეს მამაკაცი დაკავშირებულია ბულგარელ ბიზნესმენ ემილიან გებრევის მოწამვლის მცდელობასთან.

რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მომხდარის ორგანიზებაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

„ბელინგკატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ფედოტოვი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 2015 წლის 24 აპრილს ჩავიდა. მას 30 აპრილს სოფია-მოსკოვის ავიარეისის ბილეთი ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად, ფედოტოვი 28 აპრილს სტამბოლის აეროპორტში გამოჩნდა და მოსკოვის მიმართულებით ბილეთი შეიძინა.

ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, სოფიაში გამართულ ღონისძიებაზე ბიზნესმენმა ემილიან გებრევმა გონება დაკარგა. შეუძლოდ გახდნენ ასევე მისი ვაჟი და კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამივე მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ჰელსინკის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ გებრევი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ჰოსპიტალიზაციიდან ერთ თვეში, გებრევის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც გებრევმა „ბელინგკატს“ უამბო, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მაისის ბოლოს ის კვლავ შეუძლოდ გახდა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ზუსტად ამ დროს, 2015 წლის 24 მაისს სერგეი ფედოტოვი მოსკოვიდან კვლავ ბულგარეთში დაბრუნდა. მას დაჯავშნილი ჰქონდა მოსკოვში დასაბრუნებელი რეისი 28 აპრილს, თუმცა აეროპორტში არ გამოცხადდა. ამის ნაცვლად, ორი დღის შემდეგ, 30 მაისს ფედოტოვი მოსკოვში სერბეთიდან გაფრინდა.

ემილიან გებრევი იარაღის მწარმოებელი კომპანიის მფლობელია. მისი კომპანია უკრაინაში ექსპორტისთვის იარაღს აწარმოებდა.