„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მოქმედებს დანაყოფი, რომლის მიზანიც ევროპაში დესტაბილიზაციაა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მოქმედებს დანაყოფი, რომლის მიზანიც ევროპაში დესტაბილიზაციაა

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მოქმედებს დანაყოფი, რომლის მიზანიც ევროპის დესტაბილიზაციაა. როგორც გავლენიანი გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნული „გასაიდუმლოებული დანაყოფის წევრები 2014 წელს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში მონაწილეობდნენ, ასევე გარეულები არიან ისეთ ხმაურიან საქმეებში, როგორიცაა 2016 წელს მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და 2018 წელს სკრიპალების მოწამვლა“.

„ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, დანაყოფი, რომლის ნომერიც არის 29155, უკვე 10 წელია მოქმედებს და მისი შტაბბინა მოსკოვში მდებარეობს. დანაყოფის მეთაური გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვია. როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, რუსეთის დაზვერვის საიდუმლო დანაყოფის არსებობის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც კი ბევრმა არ იცის.

როგორც ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში ანონიმურმა წყარომ განაცხადა, 29155-ის წევრები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ხშირად ჩადიან და დივერსიების მოწყობას ცდილობენ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ამტკიცებს, რომ 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრალდებულებიც 29155-ის წევრები არიან.

ამერიკული გამოცემის სტატიაში ასევე ნახსენებია ჰაკერული დანაყოფი ნომრით 74455, რომელიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და დანაყოფი 99450, რომლის წევრებიც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდნენ.