2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ. ამისთვის საჭიროა, აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს.
პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, ეს ბარათი წარმოადგენს ფაქტობრივად საშვს, პირადობის მოწმობასთან ერთად.
„დღეიდან აბიტურიენტებს, მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებს და მაგისტრობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ამობეჭდონ საგამოცდო ბარათები. საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდად ისინი შედიან თავიანთ პირად გვერდზე, სადაც გაიარეს რეგისტრაცია და იქ დახვდებათ ღილაკი – საგამოცდო ბარათის ამობეჭვდა. ეს ბარათი ექნებათ მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივად საშვს მათთვის, პირადობის მოწმობასთან ერთად“,- განაცხადა გორგოძემ.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს სოციალურ კამპანიას „არდაიგვიანო“. ამ კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.