2021 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა
2021 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას. ყოველკვირეულად მიმდინარეობს ონლაინ ღია კარის დღეები. შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის აბიტურიენტებისთვის ეტაპობრივად ტარდება.