საფრანგეთში, ვატრის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაშვებული თვითმფრინავი შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე ანონიმური შეტყობინების გამო დააყოვნეს
საფრანგეთში, ვატრის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაშვებული თვითმფრინავი სამართალდამცველებმა შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ მიღებული ანონიმური შეტყობინების გამო დააყოვნეს. წყარო იუწყებოდა, რომ ბორტზე შესაძლოა, იმყოფებოდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი.
თვითმფრინავი 21 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნიკარაგუაში ასრულებდა რეისს. მის ბორტზე ეკიპაჟის 15 წევრი და 303 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მგზავრი ინდოეთის მოქალაქეა, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.
სამართალდამცველებმა ბორტზე მყოფი ადამიანები გამოკითხვისთვის აეროპორტის ტერმინალის ერთ-ერთ შენობაში გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი გამოკითხვების შედეგად, გამომძიებლებმა თვითმფრინავს გაფრენის ნება დართეს. რეისი სავარაუდოდ დღეს უნდა შესრულდეს.
თვითმფრინავი რუმინულ ჩარტერულ კომპანია „ლეგენდ ეარლაინსს“ ეკუთვნის. კომპანიის უფლებადამცველის განცხადებით, გამოკითხვის შედეგად, ეკიპაჟის ყველა წევრი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი 280-მდე მგზავრით საფრანგეთის დატოვებას და მუმბაიში გაფრენას შეძლებს.
როგორც მედია წერს, გამომძიებლებმა ორი მგზავრი დააკავეს, ვიდრე მათი მგზავრობის მიზანი დაზუსტდება. თორმეტმა მგზავრმა კი, საფრანგეთს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი მექსიკის გავლით ინდოეთის მოქალაქეთა აშშ-ში არალეგალური გზით შედინების მაჩვენებელი.