საფრანგეთში შემზღუდველი ზომების დარღვევით 2 500-ზე მეტი ადამიანი მუსიკალურ საახალწლო წვეულებას ესწრება
საფრანგეთში შემზღუდველი ზომების დარღვევით 2 500-ზე მეტი ადამიანი მუსიკალურ საახალწლო წვეულებას ესწრება.
საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, მუსიკალურ ღონისძიებას ასევე ესწრებიან ბრიტანეთისა და ესპანეთის მოქალაქეები.
„ბიბისის“ ინფორმაციით, პოლიციამ წვეულების დახურვა სცადა, თუმცა ღონისძიების მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირების შედეგად სულ მცირე პოლიციის სამი თანამშრომელია დაშავებული.
ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ წერს, რომ ცეკვაზე დასწრების მიზნით, მონაწილეების ნაწილს ღონისძიების დაწყებამდე მანქანებში სძინავს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა საგანგებო კრიზისული შეხვედრა გამართა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ღონისძიების ადგილას ავტომობილების შესასვლელები ბლოკირებულია და 200-ზე მეტი ადამიანი სიტყვიერად გააფრთხილეს.
მედიის ინფორმაციით, მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები რენის მახლობლად მდებარე საწყობში დარჩენას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავენ. კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის, საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი 20:00-დან 06:00-საათამდე მოქმედებს.