საფრანგეთში შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საპარლამენტო დელეგაცია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოს ეწვია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ლევილის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და სხვა ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
„დღეს შესაძლებლობა მქონდა, პარიზში, დელეგაციის წევრებთან ერთად, პერ ლაშეზის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, კარლო ჩხაიძის საფლავი გვირგვინით შემემკო. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს. კარლო ჩხაიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. ცოტა ხნის წინ, ჩემი ინიციატივით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე და წევრები თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდნენ მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე წლის 25 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვს პაპუაშვილის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები – ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.