საფრანგეთში ქუჩაში სექსუალური შევიწროება ჯარიმით ადგილზევე დაისჯება. კანონის გამკაცრების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.
მაკრონის თქმით, ახალი რეგულაციების მიზანი ქალთა უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე სადავო პუნქტი ქუჩაში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულთა დანაშაულის ადგილზევე დასჯას ეხება. გენდერული თანასწორობის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრის, მარლენ შიაპას თქმით, დამნაშავეებს 90 ევროდან 1500 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწვეთ. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი, ისინი 3000 ევროს გადაიხდიან.
„ამ კანონით საფრანგეთის მთავრობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქალთა შევიწროება დაუშვებელია, ისევე, როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ასევე, ტრანსპორტში ან ონლაინ სივრცეში“, – განაცხადა მარლენ შიაპამ.
მისივე განმარტებით, მაგალითად, ჯარიმას გადაიხდიან პირები, ვინც ქუჩაში ქალს ტელეფონის ნომერს ბევრჯერ მოსთხოვს, მაშინ, როდესაც საპასუხოდ ქალი ინტერესს არ გამოხატავს.
ახალი კანონი ასევე, იმ პირთა დასჯას ითვალისწინებს, ვინც ონლაინ სივრცეში ქალების ჯგუფურად შევიწროებაში იქნება შემჩნეული.
გამკაცრებული კანონი პარლამენტის თანხმობის შემდეგ შევა ძალაში.