დღეიდან საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. 2020 წლის განმავლობაში უკვე მეორედ, ფრანგები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კარანტინის პირობებში იცხოვრებენ.
შეზღუდვების ფარგლებში მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ან ექიმთან ვიზიტის მიზნით ექნებათ.
ამასთან, მათ, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურად არ შეუძლიათ, უფლება ექნებათ სამსახურში იარონ.
ფრანგებს უფლება ექნებათ დღის განმავლობაში ერთი საათით სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ივარჯიშონ. შეზღუდულია სოციალური კონტაქტები, ასევე აკრძალულია რეგიონებში მოგზაურობა, თუმცა ქვეყნის საზღვრები ღია რჩება.
ასევე, კარანტინის მიუხედავად, არ იხურება სკოლები, თუმცა ექვს წელს გადაცილებული მოსწავლეები ვალდებულნი იქნებიან, პირბადეები ატარონ. ასევე ღია იქნება გაზეთების ჯიხურები, სასურსათო და ოპტიკის მაღაზიები. არ იხურება არც სასტუმროები, თუმცა სტუმრებს შეზღუდული რაოდენობით მიიღებენ.
საფრანგეთში კარანტინი ძალაში სულ მცირე პირველ დეკემბრამდე იმოქმედებს. წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 135 ევროთი განისაზღვრა.