საფრანგეთში საწვავის გაძვირების გამო მიმდინარე დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში საწვავის გაძვირების გამო მიმდინარე დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, იზერის დეპარტამენტში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩები გადაკეტეს. ამავე ქალაქში მცხოვრებ ქალს კი, ავტომობილით საკუთარი შვილი საავადმყოფოში მიჰყავდა. სიჩქარის გამო, მძღოლმა დემონსტრანტებში გზის გაკვლევა და გადაკეტილ გზაზე მოძრაობა გადაწყვიტა, თუმცა ამ დროს შემთხვევით ერთ-ერთ აქტივისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

Le Parisien-ის ცნობით, აქტივისტებმა მძღოლს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს და ავტომობილს სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ, რის გამოც საჭესთან მყოფი ქალი დაიბნა. ამჟამად, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

საფრანგეთში დემონსტრაციები საწვავზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ათობით დემონსტრაციაა დაგეგმილი. აქტივისტები საფრანგეთის მთავარი ავტომაგისტრალების გადაკეტვას აპირებენ.

საფრანგეთში ბენზინის ფასი ერთი წლის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა.