საფრანგეთში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდიან
საფრანგეთში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდიან. ფრანგული მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვტილებას ფრანგმა ეპისკოპოსებმა 9 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე დაუჭირეს მხარი.
შეხვედრა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლურდში გაიმართა და მასში 120 ეპისკოპოსი მონაწილეობდა. კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებით, კომპენსაციას მიიღებს ნებისმიერი პირი, რომელიც სექსუალური ძალადობის დროს არასრულწლოვანი იყო და მსხვერპლად არის აღიარებული. ფონდი, საიდანაც კომპენსაციის გადახდა მოხდება, საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის მიერ იქნება დაფინანსებული, თუმცა ფინანსური სანქცია დაეკისრება იმ სასულიერო პირებსაც, რომლებიც პასუხისიმგებლები არიან ძალადობაზე.
საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია მსხვერპლთათვის ფულის გადახდას 2020 წლიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მანამდე გერმანიის, შვეიცარიისა და ბელგიის კათოლიკურმა ეკლესიებმაც მიიღეს.