საფრანგეთში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის გამო, ბრიუსელში წუხელ გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 64 ადამიანი დააკავა
საფრანგეთში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის გამო, ბრიუსელში წუხელ გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 64 ადამიანი დააკავა

საფრანგეთში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრიუსელში წუხელ გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 64 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

ბელგიის დედაქალაქში სოციალური ქსელების მეშვეობით დაგეგმილი დემონსტრაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ოფიცრის ცემისთვის დააკავეს ერთი არასრულწლოვანი. ის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრიუსელში გამართულ საპროტესტო გამოსვლაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. არეულობისას დაწვეს ერთი მანქანა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების გამო ბელგიის დედაქალაქში დაიხურა ერთ-ერთი მეტროსადგური.

ბრიუსელის პოლიციაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ვითარებას ყურადღებით დააკვირდებიან.

საფრანგეთში მასობრივი არეულობები, მესამე ღამეა, არ წყდება. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.