საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციების გამო ემანუელ მაკრონი დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების მესამე დღის შემდეგ ემანუელ მაკრონი დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სხდომა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება.
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე, რომლებიც სამი დღეა, გრძელდება, დაახლოებით 421 ადამიანი დააკავეს.
წუხელ, პარიზის გარეუბან ნანტერში, სადაც 17 წლის მოზარდი პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა, მომიტინგეებმა დაწვეს მანქანები, გადაკეტეს ქუჩები, შენობებზე დააწერეს – „შურისძიება ნაჰელისთვის“.
ცნობისთვის, 17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.