საფრანგეთში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო
საფრანგეთში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

საფრანგეთის პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ პარიზისა და სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა დაწვეს ნაგვის ურნები, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა ქალაქ ლილში. სამართალდამცველებმა იქ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრაცია იყო ქალაქ ბორდოშიც.

პროფკავშირები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავენ.

უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატის გვერდის ავლით დაამტკიცა საპენსიო სისტემის ცვლილების სადავო კანონი. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულმა ინიციატივამ საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

სამი პარტიის მიერ ინიცირებული კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ოპოზიციას მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად. ამგვარად, საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, საპენსიო რეფორმა დამტკიცებულად ითვლება.