საფრანგეთში მოწევის საწინააღმდეგო ზომების მიღების შემდეგ მწეველთა რაოდენობა მილიონით შემცირდა
საფრანგეთში სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო ზომების მიღების შემდეგ მწეველთა რაოდენობა მილიონით შემცირდა.
2016-2017 წლებში ქვეყანაში სიგარეტის საწინააღმდეგოდ განსაკუთრებული ზომების მიღება დაიწყეს. მათ შორის არის სიგარეტის ნეიტრალური შეფუთვა, თამბაქოს შემცვლელების გამოყენება, სიგარეტზე ფასების ზრდა და საყოველთაო კამპანია „ერთი თვე სიგარეტის გარეშე“.
საფრანგეთში მწეველთა რაოდენობა ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლებოდა. თუმცა კამპანიის წამოწყების შემდეგ მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 2017 წელს 18-დან 57 წლამდე პირების 26,9 % მწეველი იყო, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 29,4 %-ს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 13,2 მილიონის ნაცვლად, საფრანგეთში ახლა 12,2 მილიონი მწეველი ცხოვრობს.
კვლევების თანახმად, მსოფლიოში ყოველი მეათე სიკვდილი სიგარეტით არის გამოწვეული, მათი უმეტესობა კი მხოლოდ ოთხ ქვეყანაზე – აშშ-ზე, რუსეთზე, ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია