საფრანგეთში მასწავლებლები 11 მაისის შემდეგ სწავლის შესაძლო განახლების შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებას აპროტესტებენ
საფრანგეთში მასწავლებლები 11 მაისის შემდეგ სწავლის შესაძლო განახლების შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებას აპროტესტებენ

ფრანგი მასწავლებლები შეშფოთებული არიან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, სკოლები და საბავშვო ბაღები შესაძლოა, 11 მაისის შემდეგ გაიხსნას, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საკარანტინო ზომების ეტაპობრივი შერბილება დაიწყება.

„გვითხრეს, რომ ისეთი საჯარო სივრცეები, როგორიცაა კინოთეატრები და თეატრები, დახურული იქნება, თუმცა არა სკოლები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილები ვირუსის გავრცელებისთვის მაღალ რისკს წარმოადგენენ“, – აცხადებს დაწყებითი სკოლების პროფკავშირების წარმომადგენელი ფრანსეტ პოპინო.

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო, 16 მარტს საფრანგეთში სასწავლო პროცესი შეწყდა, მასწავლებლები სწავლების ონლაინ ფორმატზე გადავიდნენ, საფრანგეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ კი, გაკვეთილების ტრანსლაცია დაიწყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მრავალი მოსწავლე შესაბამისი ტექნიკითა და გარემოთი უზრუნველყოფილი არ არის. სწორედ ამ მიზეზის გამო, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ბავშვებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, დაუბრუნდნენ კლასს დროულად“.

სკოლების მაისში გახსნას ნაადრევად მიიჩნევს საფრანგეთის ექიმთა ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-პოლ ჰამონი, ვინაიდან სოციალური დისტანციის ზომების დაცვა ბავშვების შემთხვევაში ძალიან რთული იქნება.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ჟან-მიშელ ბლანკი კი აცხადებს, რომ სკოლების გასახსნელად მთავრობა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეეცდება შეიმუშავოს ისეთი სისტემა, რომლითაც მოსწავლეთა და მასწავლებლების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.