საფრანგეთში მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელი პატიმრობის ნაცვლად ჯარიმა იქნება
საფრანგეთში მარიხუანას მომხმარებლები პატიმრობის ნაცვლად 300 ევროთი დაჯარიმდებიან. „ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოლ ბელუბემ განაცხადა.
ახალი კანონპროექტი საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უახლოეს რამდენიმე თვეში უნდა წარუდგინოს.
რეფორმის ფარგლებში მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელი შემსუბუქდება და პატიმრობა ჯარიმით შეიცვლება, თუმცა მარიხუანას მოხმარება საფრანგეთში კვლავ სისხლის სამართლის დასჯად დანაშაულად დარჩება.
ამასთან, საპარლამენტო ანგარიშში შეტანილ რეკომენდაციებში საუბარი იყო 150-200 ევროს ოდენობის ჯარიმის დაწესებაზე, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა და ჯარიმის ოდენობა გაზარდა.
როგორც France 24 წერდა, მარიხუანას მოხმარების წინააღმდეგ ევროპაში ყველაზე მკაცრი კანონი საფრანგეთში მოქმედებს.
მკაცრი კანონმდებლობის მიუხედავად, საფრანგეთში მაღალია ამ მცენარის მოხმარების სტატისტიკა. კერძოდ, კვლევების თანახმად, ქვეყანაში საშუალოდ 17 მილიონ ადამიანს გაუსინჯავს მარიხუანა, 1,4 მილიონი ადამიანი კი მას რეგულარულად მოიხმარს, მათ შორის 700 ათასი – ყოველდღიურად.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ერთ წლამდე პატიმრობა ან 3750 ევრომდე ჯარიმა.