საფრანგეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 46 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით დღემდე 29 065 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 767 ადამიანს დაუდასტურდა. საფრანგეთში კორონავირუსი დღემდე 152 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური აღლუმი, რომელიც 14 ივლისს ტარდება, მიმდინარე წელს ელისეს მინდვრებზე არ გაიმართება. დღესასწაულს მცირე მასშტაბით მხოლოდ „პლას დე ლა კონკორდის“ ტერიტორიაზე აღნიშნავენ, სადაც ტრადიციულად აღლუმი მთავრდება.