საფრანგეთში ახალი კორონავირუსის შედეგად კიდევ 348 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 26 991 შეადგინა.
ამჟამად საფრანგეთი ახალი კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით მან უკვე გადაუსწრო ესპანეთს.
ამასთან აშშ-ში კოვიდინფექციით ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 80 606 ადამიანი დაიღუპა, გაერთიანებულ სამეფოში 32 ათასზე მეტი, იტალიაში კი, 30 ათასზე მეტი.
როგორც საფრანგეთის მთავრობის წევრები აცხადებენ, თუ ვირუსი ქვეყანაში ხელახლა გავრცელდება, მაშინ ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
„კარანტინის მოხსნიდან 36-მა საათმა გეგმის მიხედვით ჩაირა, თუმცა პრობლემად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, გარკვეულ რაიონებში კარანტინის ხელახლა ამოქმედება“, – აცხადებენ საფრანგეთის მთავრობაში.