საფრანგეთში კანონი მიიღეს, რომელიც მოსწავლეებს სკოლაში ტელეფონებისა და ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას უკრძალავს
საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც დაწყებით და საშუალო სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას უკრძალავს.
აღნიშნული კანონი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მიზეზი კი, მოზარდების სმარტფონებისადმი დამოკიდებულება გახდა.
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში განმარტავენ, მოსწავლეები შესვენების დროს სკოლის ეზოში განტვირთვის ნაცვლად, საკუთარ მობილურ ტელეფონებს უთმობენ დროს.
აღსანიშნავია, რომ პორტატული ტელეფონებისა და მოწყობილობების გამოყენება საკლასო ოთახში ამ დრომდეც აკრძალული იყო.
მობილური ტელეფონის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი. პორტატული კომპიუტერები და პლანშეტები კი მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით იქნება დაშვებული. ამისათვის სკოლებში შესაძლოა, საგანგებო სივრცეც კი გამოიყოს.