საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 363 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, გასულ დღესთან შედარებით ორშაბათს საფრანგეთში კორონავირუსზე ტესტირება უფრო ცოტა ადამიანს ჩაუტარდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მინისტრთა კაბინეტი ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განსახილველად ოთხშაბათს შეიკრიბება. საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის კვლავ დაწესებას არ გამორიცხავენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ინფიცირების 2 562 646 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 63 109 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.