საფრანგეთში გამართულ არაფორმალურ სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტში მონაწილე ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმა განიხილეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
დუდას თქმით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის ტერიტორიის განაღმვის, ისევე როგორც უკრაინის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ტრენინგის მხარდაჭერა. მაგალითად, აღინიშნა, რომ ბელარუსის საზღვარი „მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და მოითხოვს უკრაინული ძალების აქტიურობას“.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობა, კერძოდ, სარაკეტო ინდუსტრიაში.
„უკრაინა თავად აწარმოებს რაკეტებს, მაგრამ, შესაძლოა, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს დასავლეთის ქვეყნების მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები. უპირველეს ყოვლისა, ნატო-ს ქვეყნებს დღეს შეუძლიათ უკრაინის მიერ წარმოების მოდერნიზება და თავად უკრაინას შეუძლია, აწარმოოს ბევრად უფრო თანამედროვე რაკეტები თავდაცვისთვის, ვიდრე აქამდე აკეთებდა“, – განაცხადა დუდამ.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მისაწოდებლად. მაკრონის თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.