საფრანგეთში ემანუელ მაკრონის ინიცირებულ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.
მასშტაბურ დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, სამართალდამცველები, სასამართლოს წარმომადგენლები, ექიმები და ავიადისპეჩერები.
გაფიცვის გამო საფრანგეთის მრავალ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ეს ბოლო პერიოდში გამართული ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ათობით სხვადასხვა საპენსიო პროგრამა არსებობს, ემანუელ მაკრონი კი მიიჩნევს, რომ ეს სისტემა საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია. აქედან გამომდინარე მაკრონი ინიციატივით გამოდის, ერთიანი უნივერსალური საპენსიო მოდელი დამკვიდრდეს.
გეგმის მიხედვით, უნდა შემოიღონ შეფასების სისტემა, რომელიც დაითვლის ყოველ ნამუშევარ დღეს. პენსიის ოდენობა დაგროვებულ ქულებზე იქნება დამოკიდებული. ახალი სისტემით, საპენსიო პრივილეგიები მოეხსნება მრავალი პროფესიის წარმომადგენელს, მათ შორის მეზღვაურებს, იურისტებს, ოპერის მსახიობებს და ა.შ. დღეისათვის საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62 წლით განისაზღვრება, მაკრონის გეგმა კი, ამ ზღვარის გაზრდასაც ითვალისწინებს, სულ მცირე ორი წლით.