საფრანგეთში დღეს მასობრივი გაფიცვა იგეგმება. პროფკავშირები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დატოვონ სამსახურები და შეუერთდნენ ახალი საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას.
პროფკავშირების წარმომადგენლები რიგით მეთორმეტე დემონსტრაციას მართავენ საკონსტიტუციო საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, რომელიც ახალი რეფორმების კანონიერებასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას. აქციას ქარხნის მუშები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და მასწავლებლებიც შეუერთდებიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქებში შეფერხდება სატრანსპორტო მოძრაობაც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ის გეგმავს პროფკავშირებთან შეხვედრას და მოლაპარაკებების დაწყებას.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები ახალი სადავო კანონის დამტკიცებას მოჰყვა, რომელიც მინიმალური საპენსიო ასაკის ზღვარის ცვლილებას ითვალისწინებს. ახალი რეფორმების თანახმად, მინიმალური საპენსიო ზღვარი, 62 წლის ნაცვლად, 64 წლით განისაზღვრება.