საფრანგეთში დემონსტრაციაზე ნიღბით შემოსილ აქტივისტებს შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროთ
საფრანგეთში დემონსტრაციაზე ნიღბით შემოსილ აქტივისტებს შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროთ

საფრანგეთში დემონსტრაციაზე ნიღბით შემოსილ აქტივისტებს შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროთ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ედუარდ ფილიპმა აღნიშნა, კანონპროექტი იმ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც დემონსტრაციებზე ნიღბების საშუალებით საკუთარი ვინაობის დამალვას ცდილობენ და ხშირშემთხვევაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ ისწრაფვიან.

„ჩვენ საფრანგეთში უნდა შევინარჩუნოთ გამოხატვის, პროტესტის თავისუფლება და დავსაჯოთ ის პირები, რომლებიც აღნიშნული კანონის დარღვევას ცდილობენ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუს დროს.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა, მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება.

„ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი მოძრაობის წევრები აქციებს დედაქალაქ პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში მართავენ. რაც ხშირშემთხვევაში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებებით სრულდება.

საფრანგეთში 2009 წლის შემდეგ დემონსტრაციაზე ნიღბით მისული აქტივისტების წინააღმდეგ ფულადი ჯარიმაა დაწესებული. მიუხედავად ამისა, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციებზე ნიღბით სულ უფრო მეტი აქტივისტი ჩნდება.