საფრანგეთში ათასობით ადამიანი ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს
საფრანგეთში ათასობით ადამიანი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც მაკრონმა უარი განაცხადა „ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის დანიშვნაზე, რომელიც ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობდა, მემარცხენეები მაკრონს დემოკრატიის უარყოფასა და არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებენ.
ულტრამემარცხენე პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 130 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
კომპანია Elabe-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 74% მიიჩნევს, რომ მაკრონმა უგულებელყო არჩევნების შედეგები, ხოლო 55% თვლის, რომ მან მოიპარა არჩევნები.
მთავრობის მეთაურის რანგში პირველ ინტერვიუში, ბარნიემ განაცხადა, რომ მის მთავრობაში, რომელსაც მკაფიო უმრავლესობა არ გააჩნია, შევლენ კონსერვატორები, მაკრონის პარტიის წევრები და, იმედოვნებს, რომ მემარცხენეებიც.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა. ბარნიე 2016-2021 წლებში „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო. მანამდე იგი საფრანგეთის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა, მათ შორის ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს. ის ასევე მუშაობდა შიდა ბაზრისა და მომსახურების ევროკომისრად.