საპარლამენტო არჩევნებიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ საფრანგეთში ახალი მთავრობა შეიქმნა. კაბინეტში შედიან კონსერვატიული პარტია „რესპუბლიკელების“, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკისა და მათი მოკავშირეების წარმომადგენლები.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ძირითადად შედიან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბლოკის, „ერთად რესპუბლიკისთვის“ და კონსერვატიული პარტიის, „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები, ასევე მათთან დაახლოებული მცირე პარტიების წევრები. ერთი პორტფელი მემარცხენე ძალების წარმომადგენელსაც ერგო.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩა სებასტიან ლეკორნიუ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ცენტრისტი ჟან-ნოელ ბარო ჩაუდგა, ხოლო ყოფილი სოციალისტი დიდიე მიგო იუსტიციის მინისტრი გახდა. შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა კონსერვატორი ბრუნო რეტაიო. სწორედ მისი სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკაზე, რაზეც მანამდე მიანიშნა პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა მიშელ ბარნიემ.
აღსანიშნავია, რომ ახალ მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. ამის გამო, საკანონმდებლო ინიციატივების დასამტკიცებლად მათ რეგულარულად მოუწევთ ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება. კერძოდ, საუბარია „ახალ სახალხო ფრონტზე“, რომელშიც მემარცხენე და ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები შედიან, ასევე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანებაზე“. მათი მხარდაჭერის გარეშე ახალი მთავრობა სათანადო ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.