საფრანგეთის ქალაქ ნანტში ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. არეულობის მიზეზი პოლიციელის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა გახდა.
ქაოსური საპროტესტო აქციის დროს ახალგაზრდებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს და პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს.
პროკურატურის წარმომადგენლების შეფასებით, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც შეტაკებები მოხდა, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. პოლიცია ადგილზე დამატებითი ძალების გაგზავნას აპირებს.
გამოძიების ცნობით, 2 ივლისს ნანტის პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. გამოძიება ამბობს, რომ ის სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილის პოლიციელებისთვის დაჯახება სცადა. მათ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად ახალგაზრდა დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.