საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ
საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

საფრანგეთში დღეს 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ.

ზუსტად ორი წლის წინ შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი თავს დაესხა პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ და რამდენიმე კაფეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ელისეის სასახლის ინფორმაციით, ტრაგედიის მეორე წლისთავზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავდაპირველად ეწვევა სტადიონ Stade de France-ს. ორი წლის წინ 13 ნოემბერს ამ სტადიონთან სამმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ამის შემდეგ პრეზიდენტი მოინახულებს პარიზის იმ კაფეებს, სადაც ექსტრემისტებმა ცეცხლი გახსნეს. ემანუელ მაკრონის მარშრუტში ბოლო პუნქტი საკონცერტო სარბაზი „ბატაკლანი“ იქნება, სადაც როკ-ჯგუფის Eagles of Death Metal-ის კონცერტის დროს ტერორისტებმა 90 ადამიანი მოკლეს.

ტერორისტული თავდასხმების სერიაში ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დაკავებულია, თუმცა გამომძიებლებთან საუბარზე უარს აცხადებს. გამოძიების ინფორმაციით, ის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი როლის შემსრულებელია. ის პარიზიდან სამხრეთით მდებარე ციხეში 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თავდასხმების კიდევ ერთი სავარაუდო ორგანიზატორი აბელჰამიდ აბააუდი პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორ პირთან ერთად მოკლეს.

13 ნომებრის თავდასხმის სერიის შემდეგ მთელ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ 2017 წლის 1 ნოემბერიდან ახალი ანტიტერორისტული კანონის ამოქმედების შედეგად გაუქმდა.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია, თუმცა უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავებმა 30 ტერაქტი აღკვეთეს.