საფრანგეთმა ადგილობრივი კომპანიების დასახმარებლად 20 მილიარდ ევროიანი ფონდი შექმნა
საფრანგეთის მთავრობამ ადგილობრივი კომპანიების დასახმარებლად 20 მილიარდი ევრო გამოყო.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ფონდის რესურსები გათვალისწინებულია კომპანიებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის კრიზისის გამო საფრთხე ემუქრებათ.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მაირი აცხადებს, რომ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ამისთვის მზად არის, თავად შეიძინოს მათი აქტივები ან მოახდინოს მათი ნაციონალიზაცია. აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა რადიო „ევროპა 1“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
პირველი კომპანია, რომელიც დახმარებას მიიღებს „ეარ ფრანსია“. კომპანია ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა.
„ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში მხარი დავუჭიროთ „ეარ ფრანსს“ და უზრუნველვყოთ, რომ ეს ეროვნული ჩემპიონი მალე დაუბრუნდეს თავის ნორმალურ სახეს“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.