საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ იმის მიუხედავად, რომ ორი ლიდერი კრიზისის წარმოქმნის მიზეზებზე ვერ თანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ელისეს სასახლეში განაცხადეს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის ფრანგული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

„ამ ზარის მიზანს აღნიშნული კრიზისის დასრულება წარმოადგენდა. რაც შეეხება მიგრაციის საკითხს, იმის მიუხედავად, რომ ბელარუსის საზღვარზე ამჟამინდელი კრიზისის წარმომავლობასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტს უთხრა, რომ მას ესმის ამ სიტუაციის დასრულების საჭიროება, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანური მოპყრობისთვის მიგრანტებისადმი, რომლებსაც იარაღად იყენებენ“, – განუცხადა მედიას ემანუელ მაკრონის მრჩეველმა.

ემანუელ მაკრონმა ვალდიმერ პუტინთან საუბრისას ასევე გამოთქვა შეშფოთება უკრაინის საზღვართან შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაც ნატო-ს განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბური და უჩვეულო მობილიზებაა.

საფრანგეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

საფრანგეთმა ასევე სოლიდარობა გამოთქვა პოლონეთის მიმართ და მისი დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

ემანუელ მაკრონმა ასევე შეშფოთება გამოთქვა მალიში ე.წ. ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესაძლო გამოყენების გამო.