საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ქვეყნის რკინიგზაზე მასშტაბურ შეფერხებებს დანაშაულებრივი საბოტაჟის ოპერაციად აფასებს
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი პატრის ვერგრიტი ქვეყნის სარკინიგზო სისტემაში მასშტაბურ შეფერხებებს დანაშაულებრივი საბოტაჟის ოპერაციად აფასებს. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების პრიორიტეტი ახლა სადგურებში მყოფი მგზავრები არიან.
„ღამით ჩვენი მაღალჩქაროსნული სარკინიგზო ხაზების ქსელი დანაშაულებრივი საბოტაჟის ოპერაციების სამიზნე გახდა. მე ვგმობ ამ ქმედებებს და მუდმივი კავშირი მაქვს შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს. მე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც შვებულებაში მიემგზავრებოდნენ. როგორც ხედავთ, რკინიგზის სადგურებში იმყოფებიან ოჯახები ბავშვებით. პირველ რიგში, მათზე ვფიქრობ, რადგან სწორედ ისინი არიან ამ საბოტაჟის მთავარი მსხვერპლი“, – განაცხადა მინისტრმა.
სარკინიგზო კომპანიის, SNCF-ის ხელმძღვანელის, ჟან-პიერ ფარანდუს შეფასებით, სარკინიგზო ქსელზე თავდასხმა იყო მიზანმიმართული, გათვლილი და კოორდინირებული.
„ვფიქრობთ, თავდასხმა იყო მიზანმიმართული, გათვლილი და კოორდინირებული. მე ვფიქრობ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ განზრახვა, სერიოზული ზიანი მიეყენებინათ, ვინაიდან იმ ადგილებში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ლიანდაგი იყოფა და, შესაბამისად, ერთი ხანძრის გაჩენით ზიანი მიადგა ორ სარკინიგზო მარშრუტს, ორ მიმართულებას. ასე რომ, დიახ, მათ გამიზნული ჰქონდათ ზიანის მიყენება საფრანგეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიემგზავრებიან“, – განაცხადა ოპერატორი კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.
მასშტაბური სარკინიგზო შეფერხება საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. სარკინიგზო ოპერატორ კომპანიაში განაცხადეს, რომ საფრანგეთში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური ქმედებები განხორციელდა, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ლიანდაგების გასწვრივ ინსტალაციებსა და კაბელებს.
თავდასხმები განხორციელდა ხაზებზე, რომლებიც პარიზს ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები, სულ მცირე, მთელი შაბათი-კვირა გაგრძელდება.
ოლიმპიადისა და საზაფხულო დასვენებების აქტიური სეზონზე განსაკუთრებულად დიდი მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, შეფერხება ასობით ათას მგზავრს შეეხება.
საფრანგეთის სარკინიგზო სისტემის შეფერხებამ პრობლემები შეექნა ასევე გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ბელგიაში.