საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთმა რუსეთი სირიაზე დარტყმის შესახებ გააფრთხილა [ვიდეო]
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთმა რუსეთი სირიაზე დარტყმის შესახებ გააფრთხილა [ვიდეო]

საფრანგეთმა რუსეთი სირიაზე დარტყმის შესახებ გააფრთხილა, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პარიზი სირიაში სიტუაციის ესკალაციას არ ისახავს მიზნად და სამხედრო იერიშის მიზანი სირიის არმიის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილებაა.

ელისეის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სირიაზე დარტყმები ფრანგულმა ავიაციამ განახორციელა.

„საფრანგეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული თვითმფრინავები სირიისკენ გაფრინდნენ. მათ ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს სირიის მიმართულებით, წინასწარ განსაზღვრული იყო სამიზნეები. მთელი ოპერაცია კოორდინირებული იყო აშშ-სთან” – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ, ელისეის სასახლეში გამოსვლის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, სირიაში განხორციელებული ქმედება ლეგიტიმური და საფუძვლიანი იყო.

„საფრანგეთს ორი პრიორიტეტი აქვს. ესენია ჯიჰადისტების დაჯგუფებებთან და მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა და სირიაში სტაბილურობის დაბრუნება” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.