საფრანგეთის სპორტის მინისტრმა სენაში იმის დასტურად გაცურა, რომ 1923 წლის შემდეგ პირველად მდინარეში წყლის ხარისხი ბანაობისთვის ვარგისია
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, ამელი უდეა-კასტერამ პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მდინარე სენაში გაცურა, იმის დასტურად, რომ წყლის ხარისხი ბანაობისთვის ვარგისია.
ამის შესახებ BFM-TV იტყობინება, რომელმაც ცურვის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
ამელი უდეა-კასტერა პირველი მაღალი თანამდებობის პირი გახდა, რომელიც მდინარეში შევიდა.
როგორც მედია წერს, მანამდე სენაში გაცურვის პირობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და პარიზის მერმა, ანა იდალგომ დადეს.
როგორც მედია წერს, ოფიციალურ პირებს თვეების განმავლობაში აწუხებდათ კითხვა, იყო თუ არა სენაში წყალი საკმარისად სუფთა ოლიმპიური შეჯიბრის მასპინძლობისთვის.
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე სენაში წყლის დაბინძურების დონე მაღალი იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მისი ხარისხი შედარებით გაუმჯობესდა.
სენაში ცურვა 1923 წლიდან წყლის ხარისხის სწრაფად გაუარესების გამო იყო აკრძალული, თუმცა ყოველწლიური საშობაო ცურვის შეჯიბრი მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელდა.
1988 წელს პარიზის მაშინდელმა მერმა, ჟაკ შირაკმა პარიზელებს დაჰპირდა, რომ სენაში ბანაობას სამ წელიწადში შეძლებდნენ, თუმცა დაპირება ვერ შეასრულა.
2023 წელს პარიზის მერმა, ან იდალგომ განაცხადა, რომ მდინარეში სრულფასოვნად ცურვა ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, 2025 წლიდან იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ქალაქში სამი სპეციალური ზონა გაიხსნება.