საფრანგეთის სკოლებში თვითნაკეთი პირბადის გამოყენება იკრძალება
საფრანგეთის სკოლებში თვითნაკეთი პირბადის გამოყენება იკრძალება

საფრანგეთის სკოლებში თვითნაკეთი პირბადის გამოყენება იკრძალება. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ვალდებულები არიან, პირველი კატეგორიის პირბადე ატარონ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ თითნაკეთი პირბადის ნაკლები ეფექტურობაა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

სასკოლო პროცესის მიმდინარეობისას ოთახის ფანჯრების ყოველ საათში ერთხელ რამდენიმე წუთით უნდა გაიღოს და სკოლის სასადილოებში დისტანცია ორ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. აღნიშნული წესები საფრანგეთის სკოლებში დღეიდან ამოქმედდა.

7 თებერვალს ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც ხელისუფლებას შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, პირს, რომელსაც პისიარის ან ანტიგენის ტესტის გაკეთების შემთხვევაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდება, 36 საათის განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტების გამოსავლენად განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც სამხრეთ აფრიკული ან ბრაზილიური ვირუსის შტამი დაუდასტურდებათ, იზოლაციაში შვიდის ნაცვლად, 10 დღე უნდა გაატარონ. ეს წესები ამ პირების კონტაქტებზეც უნდა გავრცელდეს.

იმ შემთხვევაშ, თუ რომელიმე სკოლის მოსწავლეს ვირუსის ბრაზილიური ან სამხრეთ აფრიკული ვარიანტი დაუდასტურდება, მისი კლასი ავტომატურად დაიხურება და მოსწავლეებს და მასწავლებლებს ტესტირება ჩაუტარდებათ.