საფრანგეთის შს მინისტრს საქართველოს პოლიციასთან ერთად ჩატარებული ოპერაცია „კავკასიური ნორმანდიის“ შედეგები წარუდგინეს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს კრისტოფ კასტანერს წარუდგინეს ორწლიანი გამოძიების შედეგები, რომლის ფარგლებშიც, გასულ წელს დასავლეთ საფრანგეთში ათასზე მეტ ძარცვაში ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდების ქართული ქსელი გამოავლინეს.
ოპერაცია სახელწოდებით „კავკასიური ნორმანდია“ 2016 წლის დასაწყისში დაეწყო. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალურ ქსელს საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა. ოპერაცია საფრანგეთის დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს, საბერძნეთის პოლიციის, ევროპოლის, ევროკავშირის სასამართლო ორგანოებისა და საქართველოს პოლიციის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა.
კრიმინალური დაჯგუფების წევრების მასობრივი დაპატიმრება 2018 წლის 18 აპრილს ერთდროულად განხორციელდა საფრანგეთსა და საბერძნეთში, რა დროსაც 32 პირი დააკავეს.