საფრანგეთის შს მინისტრი - საფრანგეთის პოზიციაა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საფრთხის წინაშე არ დადგება
მსურს, დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება საფრთხის წინაშე არ დადგება, – ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ვახტანგ გომელაურის საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა, კრისტოფ კასტანერმა საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება.
„მიმდინარე წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით. ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან, უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია.
მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97 პროცენტი შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.
მისი თქმით, ქართულ მხარესთან განხილული იყო კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, ასევე გამოითქვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი.
„საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით 50 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე“, – აღნიშნა კრისტოფ კასტანერმა.
მისი თქმით, საფრანგეთის პოზიციაა, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება.
„მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს, დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის წინაშე არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები – როგორც ქართველები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საქართველოსთან მიმართებით საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა“, – აღნიშნა მან.
ამასთან, კრისტოფ კასტანერის თქმით, საფრანგეთი თავშესაფარს შესთავაზებს მხოლოდ მას, ვინც ნამდვილად იმსახურებს.
„მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრი და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს“, – განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა.