საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება
საფრანგეთის სენატმა 249 ხმით 63-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კოვიდ პასპორტების შესახებ კანონის შესწორებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება.
კანონის მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, რესტორნებში, ბარებში, კულტურულ ღონისძიებებზე და შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორიცაა მატარებელი და თვითმფრინავი, კოვიდ პასპორტი წარადგინონ.
ამიერიდან „კოვიდ-19“-ის ტესტის ნეგატიური პასუხი ამ ადგილებში შესასვლელად საკმარისი აღარ იქნება.
შეგახსნებეთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებამ არავაქცინირებული პირების შესახებ საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. მაკრონმა განაცხადა, რომ სურს, საფრანგეთში არავაქცინირებულ ადამიანებს ცხოვრება გაურთულოს.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ის არ გეგმავს საფრანგეთის მოსახლეობის იძულებით აცრას, თუმცა სურს, ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.
საფრანგეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 361 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 246 ადამიანი.