საფრანგეთის სასამართლომ დაჯგუფება „ეტას“ ყოფილი ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა
საფრანგეთის სასამართლომ დაჯგუფება „ეტას“ ყოფილი ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ ბასკური სეპარატისტული დაჯგუფების „ეტა“ ყოფილი პოლიტიკური ლიდერი ხოსე ანტონიო ურუტიკოეჩეა პატიმრობიდან გაათავისუფლა. 68 წლის ხოსე ანტონიო ურუტიკოეჩეა, რომელიც ცნობილია მეტსახელით ჟოსუ ტერნერა, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. მას პასპორტი აქვს ჩამორთმეული და საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერნერა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ჟოსუ ტერნერა 2002 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი პირების სიაში იყო. ის 2019 წლის მაისში საფრანგეთის ალპებში, შვეიცარიისა და იტალიის საზღვართან დააკავეს. 2010 და 2017 წლებში პარიზის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით. მის საქმეს სააპელაციო სასამართლო ივნისის ბოლოს განიხილავს.
დაჯგუფება „ეტა“ ესპანეთის რეგიონის ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. „ეტამ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2010 წელს განაცხადა. დაახლოებით ერთი წლის წინ კი დაჯგუფება დაიშალა. 1968 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში დაჯგუფების მებრძოლთა თავდასხმებს 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.