ბასკური დაჯგუფება ETA ნახევარსაუკუნოვანი ძალადობრივი კამპანიის გამო ბოდიშს იხდის
ბასკური დაჯგუფება ETA ნახევარსაუკუნოვანი ძალადობრივი კამპანიის გამო ბოდიშს იხდის

ბასკურმა სეპარატისტულმა დაჯგუფება ETA-მ ნახევარსაუკუნოვანი ძალადობრივი კამპანიის გამო მსხვერპლისა და მათი ახლობლების წინაშე ბოდიში მოიხადა.   ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ორგანიზაცია მომავალი თვის დასაწყისში საბოლოო დაშლის შესახებ  განცხადების გაკეთებას აპირებს.

ETA-მ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2011 წელს განაცხადა, 2017 წლის აპრილში კი განიარაღების პროცესი დაიწყო.

„ ვაცნობიერებთ, რომ ხანგრძლივი შეიარაღებული ბრძოლის პერიოდში ბევრი ტკივილი მივაყენეთ და ბევრი ნგრევა გამოვიწვიეთ. გვსურს პატივისცემა გამოვხატოთ ETA-ს ქმედებების შედეგად გარდაცვლილების, დაზარალებულებისა და მსხვერპლთა მიმართ. ჩვენ ნამდვილად ბოდიშს ვიხდით“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბასკეთში მთავარი ამოცანა შერიგების პროცესია, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.

ესპანეთის მთავრობა დაჯგუფების მიერ ბოდიშის მოხდას მიესალმება და აცხადებს, რომ ETA „დემოკრატიის იარაღით“ დამარცხდა.

ბასკური დაჯგუფება  ETA  ესპანეთის ჩრდილოეთ და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის ბრძოლას დაახლოებით 40 წლის განმავლობაში აწარმოებდა. ამ ხნის მანძილზე  ETA-ს მებრძოლების ქმედებების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასი კი დაშავდა.