საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერს უკანონო გამდიდრებისთვის ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერს უკანონო გამდიდრებისთვის ბრალი წაუყენეს.
როგორც ფრანგული მედია წერს, საფრანგეთის ეროვნული კრების სპიკერს ქალაქ ლილში 14 საათის განმავლობაში კითხავდნენ, რის შემდეგაც რიშარ ფერანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე გამოძიებაა, რომელიც ანალოგიური ბრალდებით ფერანის წინააღმდეგ წამოიწყეს.
ფრანგული მედიის ცნობით, 2011 წელს ფრანგმა პოლიტიკოსმა ბიუჯეტის ფულით იქირავა ყოფილი მეუღლის კუთვნილი შენობა და შემდეგ გაარემონტა კიდეც, რაშიც დაახლოებით 1,66 მილიონი ევრო დახარჯა. ამას გარდა, გამოცემა ფიგარო წერს, რომ 2014 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რიშარ ფერანის თანაშემწედ მისი შვილი მუშაობდა და ხელფასის სახით 7 ათას ევროზე მეტს იღებდა. ამ სკანდალების გამო, ფერანს მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწია. თუმცა, მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება შეჩერდა. მოგვიანებით, ფერანი ემანუელ მაკრონის მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარედ, შემდეგ კი, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერად დაინიშნა.
გავლენიანი პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ახლა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამჯერად თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.