საფრანგეთის საგარეო უწყება - ლიბანი შესაძლოა, დაიშალოს, თუ ქვეყანაში მთავრობა დაუყოვნებლივ არ ჩამოყალიბდება
ლიბანში მთავრობა დაუყოვნებლივ თუ ვერ ჩამოყალიბდება, ქვეყანა შესაძლოა, ჩამოიშალოს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ლიბანის ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, ლიბანის პოლიტიკური ძალების წინაშე არის არჩევანი ქვეყნის აღდგენასა და დაშლას შორის. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა ლიბანელების წინაშე“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აგნეს ფონ დერ მიულმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთი ზეწოლას ახდენს ლიბანელ პოლიტიკოსებზე, შექმნან ახალი მთავრობა „გონივრულ ვადებში“, რათა ქვეყანა გამოვიდეს ღრმა კრიზისიდან. პარიზს ახალი ვადა არ დაუდგენია მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის განსაზღვრულ პერიოდში მხარეებმა შედეგს ვერ მიაღწიეს. ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა პოლიტიკურ ლიდერებს განუცხადა, რომ ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ წავა, თუ ახალი კაბინეტი არ შეიქმნება.