საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, – ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია.
„საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირება მოახდინოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ რთულ გზაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.