საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდ განცვიფრებას იწვევს უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის უნარი, ასეთ რამეს არც ერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა, საბოლოო ჯამში უკრაინა გაიმარჯვებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდ განცვიფრებას იწვევს უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის უნარი, ასეთ რამეს არც ერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა, საბოლოო ჯამში უკრაინა გაიმარჯვებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ განცხადება ფრანგმა დიპლომატმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე დიდ განცვიფრებას იწვევს უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის უნარი. ასეთ რამეს არც ერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა“, – განაცხადა ლე დრიანმა,

მისივე თქმით, ახლა რუსეთი ქალაქების ალყაში მოქცევისა და ბლოკირების ტაქტიკას მიმართავს.

„ჩვენ გვაქვს გროზნოს მაგალითი, ალეპოს მაგალითი, და ეს ისევ მოხდება. ვფიქრობ ჩვენ ამას ვნახავთ მარიუპოლში, როდესაც ომი დასრულდება. ანალოგიური ბედი სავარაუდოდ ელის ოდესას და კიევს“, – განაცხადა ლე დრიანმა.

მიუხედავად ამისა, ფრანგი დიპლომატი ამტკიცებს, რომ მისი პროგნოზით უკრაინა ომში გაიმარჯვებს.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები, რომლის შედეგები იქნება მძიმე, ეს კი ნიშნავს, რომ ფასი, რომელიც რუსეთმა ომში უნდა გადაიხადოს, გახდება აუტანელი. ერთ მომენტში პუტინი დადგება არჩევანის წინაშე, დააყენოს თუ არა რისკის ქვეშ რუსეთის ფუნქციონირება, თუ დათანხმდეს მოლაპარაკებას“, – განაცხადა ლე დრიანმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც განაცხადა, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.