საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთმა 1938 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნი ამბობს, რომ დასავლეთმა 1938 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ 1938 წლის სექტემბერში განვითარებული მოვლენების გამეორება, როდესაც ჩეხოსლოვაკიის დათმობა მოხდა „ეფემერული მშვიდობისთვის“. ჩვენი მიზანია, რუსეთმა წააგოს ისე, რომ მას არ ვეომოთ და ამის ფარგლებში არცერთი ნაბიჯის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ამ განცხადებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ესკალაციაში დადანაშაულება შეუსაბამოა.
„ის, ვინც ახლა ესკალაციას უწყობს ხელს, არის რუსეთი. რუსები უტევენ უკრაინას. სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას“,- აღნიშნა მან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ომში რუსეთის გამარჯვების შედეგები. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მილიონობით უკრაინელი ჩავა ევროპაში, რუსეთი კი მარცვლეულის ექსპორტში წამყვანი იქნება.