პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები, გადაკეტეს ქუჩები, შენობებზე დააწერეს - „შურისძიება ნაჰელისთვის“
საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობა მესამე ღამეა, გრძელდება.
„როიტერის“ ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით განლაგებული იყო ორმოცი ათასი პოლიციელი, თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე ოთხშაბათს მობილიზებულთა რიცხვია.
პარიზის გარეუბან ნანტერში, სადაც 17 წლის მოზარდი პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა, მომიტინგეებმა დაწვეს მანქანები, გადაკეტეს ქუჩები, შენობებზე დააწერეს ფრაზა – „შურისძიება ნაჰელისთვის“.
„აქციის მონაწილეები პარიზის ცენტრში, Nike-ის ფეხსაცმლის მაღაზიაში შეიჭრნენ, რის გამოც დააკავეს 30 ადამიანი, მათ შორის 16 ადამიანი მოპარული ნივთებით მას შემდეგ, რაც მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს“, – განაცხადეს პარიზის პოლიციაში.
საფრანგეთის ქალაქ მარსელში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ახალგაზრდებთან შეტაკების დროს ტურისტულ ცხელ წერტილში Le Vieux Port-ში, – იტყობინება ქალაქის მთავარი გაზეთი La Provence.
ცნობისთვის, 17 წლის ნაჰელი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.