საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, საქმე ეხება ალექსის კოლერის სახელმწიფო ჰოლდინგების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობის პერიოდს. საფრანგეთის ფინანსური პროკურორი იძიებს, დაირღვა თუ არა მაშინ ინტერესთა კონფლიქტის წესები.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, Anticor-მა კოლერი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და საზღვაოსნო კომპანიასთან კავშირების გამო, ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
ალექსი კოლერი ამჟამად ელისეის სასახლის გენერალური მდივანია და ემანუელ მაკრონის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ალექსი კოლერი ფინანსთა სამინისტროში 2014-2016 წლებში, მაკრონის მინისტრობის დროს მუშაობდა.