საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის იდეით გამოვიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის იდეით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების საპასუხოდ გააკეთა. ემანუელ მაკრონის თქმით, მომხდარის გამო შენგენის ზონას შესაძლოა, რეფორმირება დასჭირდეს.
საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთ მათგანს ნიცაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოროტმოქმედი ტუნისელი მიგრანტი იყო. მანამდე კი პარიზში 18 წლის წარმოშობით ჩეჩენმა პედაგოგი მოკლა.
ტერაქტების გამო საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გაძლიერდა საზღვრების კონტროლიც. საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე ვიზიტის დროს, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგდება.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის მომდევნო სამიტზე ის წარადგენს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის შიგნით საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ეს ინიციატივა ითვალისწინებს ჩვენი საერთო საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და რეალურ უსაფრთხოებას ევროკავშირის გარე საზღვრებზე“, – განაცხადა მაკრონმა.